X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

„9 აპრილი არის დღე, როდესაც ამაყები ვართ ერთიანობით“

9 აპრილი 2019

საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი საქართველოს პრეზიდენტის მიერ ავლაბრის სასახლეში 9 აპრილს დაღუპულთა ოჯახის წევრებისა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ხელმომწერებისთვის გამართულ მიღებას დაესწრო. 

ვიცე-პრემიერმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ხაზი გაუსვა 9 აპრილის მნიშვნელობას ქვეყნის ისტორიაში. მან აღნიშნა, რომ  საქართველომ 30 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი გადაიტანა, თუმცა წარმატებით უმკლავდება გამოწვევებს.

„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ეს დღე მხოლოდ გლოვის დღედ არ გვახსოვდეს, ეს დღე იყოს ჩვენთვის იმ დღის მოგონება, რომელმაც გაგვაერთიანა, რომელმაც კიდევ ერთხელ ყველა შეგვკრა იმ საერთო მიზნისთვის, საერთო ამოცანისთვის, რასაც საქართველოს განვითარება, საქართველოს დამოუკიდებლობა, საქართველოს თავისუფლება ჰქვია. . .  9 აპრილი არის ძალიან ტრაგიკული დღე ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და როგორც ბევრი ასეთი დღე, ის ამასთანავე დაკავშირებულია მნიშვნელოვან ფაქტებთან და თარიღებთან ჩვენი ისტორიისთვის. ის არის ყოველთვის დაკავშირებული იმ ტრაგიკულ მოვლენებთან, რომლებიც ჩვენ ყველას გვახსოვს. ამასთან ერთად, ეს არის დღე, როდესაც ამაყები ვართ იმ ადამიანებისთვის, იმ ერთიანობისთვის და საერთო სულისკვეთებისთვის, რომელიც გვაერთიანებდა 1989 წლის 9 აპრილსაც და 1991 წლის 9 აპრილსაც, როდესაც ბევრმა თქვენთაგანმა გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობა და მოაწერა ხელი დამოუკიდებლობის აქტს. ამდენად, ჩვენთვის, ყველასთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ეს დღე მხოლოდ გლოვის დღედ არ გვახსოვდეს და ეს დღე იყოს ჩვენთვის იმ დღის მოგონება, რომელმაც გაგვაერთიანა, რომელმაც კიდევ ერთხელ ყველა შეგვკრა იმ საერთო მიზნისთვის, საერთო ამოცანისთვის, რასაც საქართველოს განვითარება, საქართველოს დამოუკიდებლობა, საქართველოს თავისუფლება ჰქვია. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღევანდელი დღე ჩვენს ახალგაზრდა თაობასაც დავამახსოვროთ როგორც საქართველოს ერთიანობის, დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის დღე და როგორც საქართველოს თავისუფლების ძალიან მნიშვნელოვანი სიმბოლო",-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ვიცე-პრემიერმა მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, რომლებიც 1989 წლის 9 აპრილს რუსთაველის გამზირზე იდგნენ, ასევე იმ ადამიანებს, რომლებიც ეროვნულ მოძრაობაში მონაწილეობდნენ და წვლილი მიუძღვით საქართველოს დამოუკიდებლობაში. მან აღნიშნა, რომ ენერგია, რომელსაც ერთმანეთთან დაპირისპირებაში და ბრძოლაში ვხარჯავთ, ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე უნდა მივმართოთ.

"რა თქმა უნდა, ძალიან დიდი წვლილია იმ ადამიანების, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე შეწირა ამ დღეს. ეს ტკივილი, რაც ამ ადამიანების ოჯახებს აქვთ, ბუნებრივია, ეს ვერ გადაივლის, რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, მაგრამ მნიშვნელოვანია ყველას გვახსოვდეს, რომ ამ ადამიანების მსხვერპლი არ არის ტყუილი და ამ მსხვერპლს ტყუილად არ ჩაუვლია. ჩვენ 30 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი გადავიტანეთ, მოგვიწია როგორც სამოქალაქო ომის, ასევე ღია აგრესიასთან გამკლავება, შიდა თუ გარე პრობლემები გვქონდა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წარმატებით ვუმკლავდებით ამ გამოწვევებს, მიუხედავად გამოწვევისა, მივიწევთ წინ და ბევრ საერთაშორისო პლატფორმაზე, ბევრ ფორმატში ვართ აღიარებული რეფორმების ლიდერად, აღიარებული ვართ ლიდერად რეგიონშიც და ნამდვილად შეგვიძლია შევთანხმდეთ, რომ სწორი მიმართულებით ვვითარდებით, სწორი მიმართულებით მივდივართ. მნიშვნელოვანია, ის სულისკვეთება, რაც 9 აპრილს გვაერთიანებდა, გადმოვიტანოთ მშვიდობიან დროსაც. ვიცით ყველამ, რომ ქართველებს გვჩვევია გაერთიანება განსაცდელის ჟამს, როცა გარეშე მტერი გვიტევს, მაგრამ მნიშვნელოვანია, ვიპოვოთ ჩვენში ძალა და გავერთიანდეთ მაშინ, როდესაც ჩვენ ქვეყანას შენებისთვის ვჭირდებით. მნიშვნელოვანია, რომ ენერგია, რომელსაც ერთმანეთთან დაპირისპირებაში და ბრძოლაში ვხარჯავთ, მივმართოთ ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე. მინდა გისურვოთ მშვიდობა, გისურვოთ, რომ ის წუთები, რაც 9 აპრილს განიცადეთ, აღარ განმეორდეს და ის სულისკვეთება, რაც 1989 წლის 9 აპრილს და 1991 წლის 9 აპრილს გვაკავშირებდა, ეს ემოცია და ერთიანობა გაგვყვეს მთელი ცხოვრების განმავლობაში ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ",- განაცხადა  მინისტრმა.